ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“როგორი სადისტი უნდა იყო, ასე დაუნდობლად მოიქცე მოხუცს. ენით აღუწერელი ტრაგედიაა, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სოფლისთვის”

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 88 წლის ელიკო ასაბაშვილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოხუცს დანით სასიკვდილო ჭრილობები ყელის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. მათი თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, დამნაშავე მის საცხოვრებელ სახლში გამთენიას შეიჭრა და მოხუცისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა. შესაძლოა, დამნაშავე მსხვერპლმა იცნო კიდეც. ფაქტია, მკვლელმა ქალს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სახლი დაწვას თანასოფლელებმა გადაარჩინეს. სწორედ მათ შენიშნეს დილით ადრე სახლიდან გამოსული კვამლი და დახმარების მიზნით სახლში შესულებს შემზარავი სურათი დახვდათ – ქალი მოკლული იყო, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ასევე – დაკითხვები. გამოძიება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

“არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან განვიცდი. როგორი სადისტი უნდა იყო, ასე დაუნდობლად მოექცე მოხუცს. ენით აღუწერელი ტრაგედიაა, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სოფლისთვის. ითქვა, მკვლელს 15 წელი ემუქრებაო. ეს არის დაცინვა. ამის ჩამდენი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს. რას ერჩოდა ამ უწყინარ მოხუცს ან რა თანხა უნდა ჰქონოდა პენსიონერ ქალს. იმედი გვაქვს, მალე დააკავებენ ამ ცივსისხლიან დამნაშავეს. მთელი სოფელი რომ მოიაროთ, ამ ქალბატონზე ყველა მხოლოდ კარგს გეტყვით”, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“ვიცნობდი ელენე ბებოს. ხევის პირას ცხოვრობს. ჩემს შვილებს სკოლაში რომ ვაცილებდი, იქ გვხვდებოდა, თავის ჭიშკართან, სახლის კართან იჯდა. ძალიან კარგი, თბილი და უწყინარი ქალბატონი იყო. მე და ჩემი შვილები სიყვარულით ელენიკოს ვეძახდით. სახლის კართან იჯდა და მოესიყვარულებოდა ხოლმე ბავშვებს, კანფეტებს აძლევდა და ღიმილით გვაცილებდა. ბავშვებმა მთხოვეს, ელენე ბებოსთან სურათი გადაგვიღეთო და წინა სასწავლო წელს ფოტოებიც კი გადავუღე ჩემს შვილებთან ერთად. ძალიან თბილი მოხუცი იყო, ძალიან საყვარელი ადამიანი. ჰყავს შვილები, შვილიშვილები. ძალიან განვიცდი მომხდარს. ხევის პირას მარტო კი ცხოვრობდა, მაგრამ ახლოს მეზობლები ჰყავს. ეს არ არის მიტოვებული ადგილი, ჩვეულებრივი უბანია. სოფლის გზა გადის. ველოდებით დამნაშავის გამოვლენას და დაკავებას. ჯერჯერობით როგორც ვიცი, დაკავებული არავინ არის. დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და წავიდა. როგორც გავიგე, ცეცხლი ეკიდა ლეიბს და საბანს, კვამლი შენიშნეს მეზობლებმა და შევიდნენ დასახმარებლად. ახლა მიმდინარეობს ადგილობრივების გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები”,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

სოფელში ზოგიერთი ამბობს, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარება აიღო. სავარაუდოდ, ეს თანხა ეგულებოდა სახლში დამნაშავესო. კიდევ ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ ქალს სახლში შეშის საყიდელი ფული ჰქონდა და უთქვამს ამის შესახებ.“იმ დღეს თბილისში ვიყავი და რომ ჩამოვედი, ასეთი მძიმე ამბავი დამხვდა. ელენე მარტო ცხოვრობდა. დილით რომ გაუვლიათ მანქანით მუშებს, დაუნახავთ, რომ კვამლი ამოდიოდა იმ სახლიდან. ყველამ ხომ იცოდა, რომ მარტო ქალი ცხოვრობდა, უფიქრიათ, ცეცხლი ხომ არ უკიდიაო და დახმარების მიზნით შესულან სახლში და იქ შემზარავი სურათი დახვდათ, ქალი მოკლული იყო, დანა ჰქონია ჩარტყმული, ამბობენ ყელში და ფეხში აქვს დანით ჭრილობები მიყენებულიო. ცეცხლი ჯერ გაღვივებული არ იყო, ამიტომ არის ვარაუდი, რომ დამნაშავე ახალი გაქცეული იყო.ელიკოს მეუღლე გარდაცვლილია, შვილები და შვილიშვილები ჰყავს. ვინ გაიმეტა ასე სადისტურად, ვერ გეტყვით, ველოდებით გამოძიებას. ამის ჩამდენი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რა თანხა უნდა ჰქონოდა მოხუცს?! ითქვა, თითქოს, თხილი გაყიდაო, მე მითხრეს, თითქოს, შეშის მოსატანი თანხა ჰქონიაო, უთქვამს, შეშა უნდა მოვიტანოო, ვერ გეტყვით, ზუსტად რა თანხა ჰქონდა და ეს ფულის გამო მოხდა თუ არა. სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჯერ არავინ უპოვიათ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ელიკო ასაბაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

გაზიარება: