ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ჰაერში იყო ამაღლებული, სახეზე რომ შევხედე, ანათებდა… გვარიგებდა, როდესაც ვინმეს ცოდვაზე ღიზიანდები, ბრაზობ, იცოდე, რომ ეს ცოდვა აუცილებლად ბუდობს შენშიცო” – მამა გაბრიელის ცხოვრება და სასწაულები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

1980-იან წლებში, როდესაც საქართველო სულიერი და ეროვნული ბრძოლების ქარცეცხლში იყო გახვეული, სამთავროს დედათა მონასტერში გამოჩნდა ბერი, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა დევნა და ფსიქიატრიული ჯოჯოხეთი, ჭეშმარიტი რწმენის გამო. ეს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე) – უპირობო სიყვარულის, გულმხურვალე ლოცვის, უფლისთვის მოღვაწეობისა და თავმდაბლობის მაგალითი, რომლის ცხოვრებაც ადამიანებისთვის სულიერების შუქურად იქცა.

წმინდა მამა გაბრიელზე ბევრი ითქვა და დაიწერა – მის სასწაულებზე, წინასწარმეტყველებებზე, მის უბრალოებასა და ძალაზე, რომელიც დღემდე ყველას იზიდავს. თუმცა არსებობს ღირსი ბერის ცხოვრების ეპიზოდები, რომელთა ცოცხალი მატიანე იღუმენია ელისაბედია (ზედგინიძე). დედა ელისაბედი მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო. მან სამი წელი დაყო მის გვერდით. ამიტომაცაა წმინდა ბერზე მისი მოგონებები უნიკალური და განსაკუთრებული.

დედა ელისაბედი (ზედგინიძე):

პირველი შეხვედრა

სამთავროს მონასტერში პირველად 1990-იან წლებში მივედი. მანქანით ვიყავი. ვხედავ ზემოდან ვიღაც მოქრის მთელი ძალით. მაშინ არ ვიცოდი, რომ მამა გაბრიელი იყო. მომიახლოვდა, კარები გააღო და მითხრა: „მონასტერში გინდა დარჩენა?“ – კი-მეთქი, მივუგე. „მაშინით უნდა მოხვიდე? რამდენს ვივლით და რა სასწაულებს ჩავიდენთ ერთადო!“

ეს იყო პირველი შეხვედრა სალოს ბერთან, რომლის სულიერი სიმაღლეები იმდენად შთამბეჭდავი და მიუწვდომელია, ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავი ბოლომდე ჩასწვდეს და დაიტიოს. მაშინ მამა გაბრიელი აღსარებებს არ იღებდა; უფრო დაყუდებულ მოღვაწეობას ეწეოდა. მეუფე დანიელს (მაშინ მამა დავითი იყო) ჩავაბარე აღსარება და ვუთხარი, რომ მონასტერში მინდოდა დარჩენა, თუმცა თითქმის არაფერი ვიცოდი სულიერ ცხოვრებაზე.

რთული იყო სულიერი გზის დასაწყისი – მონასტერი ისეთი კეთილმოწყობილი არ იყო, როგორც ახლაა. არც სველი წერტილები ჰქონდათ, ნაწილი სამშობიაროს ეკუთვნოდა. პირობები რთული და მძიმე იყო, მათ შორის – ჰიგიენის მხრივაც და… გამიჭირდა, თუმცა ამ ცხოვრებას მიადვილებდა მამა გაბრიელი. როგორც კი სულიერი ბრძოლები დამეწყებოდა, ჩავდიოდი მასთან და მაშინვე იღებოდა მისი კარი – გრძნობდა და თვითონ აღებდა! შემდეგ იწყებდა წმინდა მამათა ნაწერების კითხვას, განსაკუთრებით, ანტონი დიდის. ხშირად მოჰყავდა მისი მაგალითი – ანტონი დიდსაც უჭირდა და მისი კრედო იყო:

„ილოცე – იშრომე, იშრომე – ილოცე, რომ დრო არ დარჩეს ცუდი ფიქრებისთვისო.“

პირველი სულიერი გამოცდა – სიმდაბლის გაკვეთილი

ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მიმეღო და გამეთავისებინა მისი სწავლება. ერთხელაც მასთან მივედი, სენაკში. მაგიდაზე ბინძური ფიალა იდგა. მკითხა, ყავას დალევო? ყავას საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ რადგან მამა გაბრიელმა შემომთავაზა, დავთანხმდი. საიდანღაც ბინძური ტილოც მოიტანა, ფიალა ამ ტილოთი გაწმინდა, ყავა დამისხა და მომაწოდა: “დალიეო”. თავიდან ბრძოლები დამეწყო, მაგრამ გადავლახე და დავლიე. მითხრა, „სიმდაბლე სჭირდებოდა ამის დალევას. შენ შეგიძლია ადამიანი გიყვარდეს და ამიტომ არასოდეს გაგიჭირდება მონასტერში, ასეთი სიმდაბლე და მოყვასის სიყვარული გქონდეს სულო”.

იესოს ლოცვის ძალა – ლოცვისა და სასწაულთმოქმედების მადლი

გულთამხილველი იყო, უდიდესი წინასწარმეტყველების ნიჭით. მახსოვს, კაშპიროვსკი უნდა ჩამოსულიყო თბილისში. მამა გაბრიელი წინასწარ გრძნობდა და გვითხრა: „ბოროტი სული ჩამოვიდა საქართველოში, ის ადამიანებს ექსტრასენსულ სეანსებში მონაწილეობისკენ უბიძგებს, რაც მათ სულიერ მდგომარეობას დაანგრევსო”. მთელი მონასტერი გვაკურთხა, მონოტონურად, 24 საათს, გაუჩერებლად წარმოგვეთქვა იესოს ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი”. მართლაც მოხდა სასწაული: საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც კაშპიროვსკიმ თავისი სეანსები ვერ ჩაატარა, ჩაეშალა! „იესოს ლოცვამ გვიხსნაო”, – თქვა მამა გაბრიელმა.

ღვთისმშობლის გამოცხადება სოხუმის ცაზე

მამა გაბრიელის კურთხევამ, განუწყვეტლივ იესოს ლოცვის წარმოთქმის შესახებ, აფხაზეთის ომის დროსაც სასწაულებრივად გადაგვარჩინა. აფხაზეთის ომის დროს სოხუმში ვიყავი, პატრიარქის კურთხევით. რეზიდენციაში ვცხოვრობდით. თითქოსდა სამშვიდობო მოლაპარაკება შედგა და უკვე გაყვანილი ჰყავთ ქართული ჯარი, მაგრამ მტერმა მოულოდნელად მოლაპარაკება დაარღვია. რუსულ-აფხაზურმა დაჯგუფებებმა გადმოლახეს მდინარე გუმისთა. დაიწყო საშინელი დაბომბვა. რეზიდენციიდან ვხედავთ, რომ სოხუმის ბაზართან არიან მოსულები. მხოლოდ გენო ადამიას ოც წლამდე მოხალისეებისგან შემდგარი რაზმი უწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ ვინ რას გახდებოდა კბილებამდე შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან?! ჯარი მოდის და საშინელებებს ჩადიან: მოხუც ქალებს აუპატიურებდნენ, შემდეგ თავზე კამერებს აცვამდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ. ზუსტად 10 წუთში იგივე გველოდა ჩვენც.

მამა გაბრიელის კურთხევის მიხედვით დავიწყეთ „იესოს ლოცვა“. ოთხნი ვიყავით. ლოცვის დროს ძალები ისე გამოგვეცალა, ბოლოს იატაკზე დავეცით და ისე ვლოცულობდით, რომ ლოცვა არ შეწყვეტილიყო. დილით კარზე გვესმის ბრახუნის ხმა. სიკვდილისთვის მზად ვართ – მტერს რომ არ დავმორჩილებოდით, რეზიდენციის სახურავიდან გადმოხტომას ვგეგმავდით. ერთადერთი გამართლება ასეთ დროს აქვს თვითმკვლელობას, როცა სიწმინდის დასაცავად იკლავ თავს. ავდივართ ზემოთ. ამ დროს გვესმის გენო ადამიას ხმა: „დედებო, ჩვენ ვართ, გაგვიღეთ კარი”. შემოდიან მდუმარედ, ყველანი სათითაოდ მიდიან ივერიის ღვთისმშობლის ხატთან, იჩოქებენ, პირჯვარს იწერენ და გვერდზე დგებიან.

მოულოდნელად ულამაზესი, კოლხური სილამაზის 19 წლის კოტე გვეკითხება: “თქვენ ხომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდით? მთელი ღამე, ზუსტად ამ ხატზე გამოსახული ღვთისმშობელი იდგა ზეცაში და ჯვარს გვსახავდა, ამ დროს, მოწინააღმდეგე მხარის სნაიპერის ტყვიები მიმართულებას იცვლიდა, უკან ბრუნდებოდა, ჩვენამდე არ მოდიოდაო”, – თქვა. აფხაზურმა მხარემ უდიდესი დანაკლისი განიცადა. იმ ღამითვე გადავიდნენ გუმისთის მეორე მხარეს.

სოხუმის დაცემა უფლისგან იყო დაშვებული, მაგრამ ჩვენ გადავრჩით – უფალმა ჩვენზე არ დაუშვა ეს განსაცდელი.

ანტონ მარტყოფელის გამოცხადება

მამა გაბრიელს დიდი სურვილი ჰქონდა, ასურელი მამების დაარსებულ მონასტრებში წასულიყო და ყველა მოელოცა. პირველად ანტონ მარტყოფელის მონასტრის მოლოცვა განუზრახავს. იმ დროს ტრანსპორტიც არ იყო. ფეხით დაადგა, თურმე, მონასტრისკენ მიმავალ გზას.

გზის ნახევარი რომ გაუვლია, შიმშილითა და წყურვილით დაუძლურებულს, უფლისთვის უთხოვია: „ღმერთო, რა იქნება ერთი დოქი წყალი და ნახევარი პური, რომ იქამდე ავაღწიოო“ და გონდაკარგული დავარდნილა. თვალი რომ გაახილა, ხედავს ორი ბერი დგას მის წინ, ერთს მეორისთვის უთქვამს „ეს ჩვენიანია და მიეცი, რასაც ითხოვსო”. მართლაც, მოუწოდებია ერთი დოქი წყალი და პური, მაგრამ მეორეს გაუჩერებია: „მან ნახევარი ითხოვა და ნახევარი მიეციო!“

ბერიც ასე მოქცეულა, ნახევარი პური უბეში ჩაუდევს და ორივე ტყეში მიმალულან. გაუკვირდა, თურმე, მამა გაბრიელს – ამ პერიოდში, თან ასეთ ადგილზე ბერებს რა უნდოდათო.

მარტყოფის მონასტერში მისული, ანტონ მარტყოფელის ხატის დანახვისთანავე მიმხვდარა, რომ გზაში ანტონ მარტყოფელი გამოეცხადა. მამა გაბრიელი სულ წუხდა, ვერ შევძელი ამ ადგილზე ასვლა და პარაკლისის გადახდაო და მთხოვა: “იქნებ წამიყვანოო”. სამწუხაროდ, ღვთის განგებით, სულ გადაიდო. სოხუმში მომიწია პატრიარქის კურთხევით წასვლა, შემდეგ მამა გაბრიელიც გარდაიცვალა.

ძალიან განვიცდიდი. პატრიარქთანაც ვიყავი.

პატრიარქმა მიპასუხა: „ხომ იცი ის ადგილი, წაიყვანე მღვდელი, გადაიხადეთ პარაკლისი მის სახელზე და შეიწირებაო”. ამის შემდეგ ამოვისუნთქე – ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელმა გაიხარა.

სასწაული სამთავროს ფერისცვალების მონასტერში – მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება და ლოცვის ძალა

სამთავროს ფერისცვალების მონასტრის მთავარ ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელია დასვენებული, კანკელის ხატები დროთა სვლისგან იყო გაშავებული. ერთ-ერთმა დედაომ გადაწყვიტა, ხატები ჩამოვხსნათ, დავწვათ და მამა ლაზარეს ახალი კანკელის ხატები დავაწერინოთო. მამა გაბრიელს საშინელი რეაქცია ჰქონდა. გააფრთხილა დედაო, „ეს არ გააკეთოთ, თორემ საშინლად დაისჯებითო”. არ დაემორჩილა. „კარგი, მაშ, დაველოდოთო“, – თქვა მამა გაბრიელმა, შევიდა თავის სენაკში და თვალიც აღარ მოგვიკრავს.

მეორე დილით ვხედავთ, კანკელის ოთხივე ხატიდან მდინარესავით მოდის მირონი. ფორთხვით ავიდა მამა გაბრიელის კელიამდე დედაო. მამა გაბრიელი სენაკიდან გაბრწყინებული გამოვიდა: „აჰა, გიჩვენე, თუ რა სასწაულით არის აღვსილი ეს ხატები! ხედავ, რა მადლი აქვთ? ახლა შენი ვალია, გაწმინდოო!”

დედაო მაშინვე წავიდა ხელოვნების მუზეუმში, გაარკვია, როგორ უნდა გაეწმინდა ხატები და მირონდენის დასრულების შემდეგ სპეციალისტს გააწმენდინა. მანამდე კი ადამიანები მოდიოდნენ და აგროვებდნენ მირონს. მამა გაბრიელის ლოცვით ხატებიდან წამოსული მირონით უამრავი ადამიანი განიკურნა. ეს ხატები დღესაც გაბრწყინებულ მდგომარეობაშია.

იყო ასეთი შემთხვევაც: „ანტონმარტყოფელობა ახლოვდებოდა. იღუმენია ქეთევანმა გადაწყვიტა, მარტყოფელის მონასტერში წავსულიყავით. მამა გაბრიელი შეგვეწინააღმდეგა – „არ წახვიდეთო“. ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი, ბოლოს მითხრა: „კარგი, წადი, იღუმენიაა და დაემორჩილე. მაგრამ ვილოცებ, საავადმყოფოშიც რომ არ მოხვდეთო!“

წავედით. უკან მომავალ გზაზე, მოულოდნელად მანქანა შუა გზაში გაგვიჩერდა. ვხედავ, საოცარი სისწრაფით მოქრის მანქანა, აშკარაა რომ დაგვეჯახება. ჩავჯექი მანქანაში და დავიწყე იესოს ლოცვა. ამ დროს, ისეთი ძალით დაგვარტყა, რამდენიმე მეტრით გადაგვაგდო. მანქანა იმდენად იყო დაზიანებული, შემდეგ, უკანა ნაწილი მთლიანად ჩამოაჭრეს. უდიდესი სასწაული მოხდა მამა გაბრიელის ლოცვით: საჭესთან მე ვიჯექი, ფაქტობრივად, მხოლოდ საქარე მინიდან მქონდა ხელები გაჭრილი და ცხვირიდან მომდიოდა სისხლი, დანარჩენებს არაფერი დაზიანებიათ. მამა გიორგი ბერიშვილმა ჩამოიარა, თვალებს იფშვნეტდა: „ამ მანქანიდან ცოცხლები როგორ გადარჩითო?!“

მამა გაბრიელი სამთავროს მონასტრის კარიბჭესთან დაგვხვდა: „ხომ გითხარით, არ წახვიდეთო!“ და გვანუგეშა: „მთავარია, არაფერი დაგიშავდათ. მანქანა ჟეშტია, გაკეთდებაო!“

გინახავთ ლოცვის დროს?

– როგორ არა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჰაერში იყო ამაღლებული. ეს ისეთი სასწაული იყო. ლოცვა წარმოვთქვი და ამინო მიპასუხა, თუმცა არ გამოუხედავს. სახეზე რომ შევხედე, ანათებდა. ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ლოცვა დაასრულა და მითხრა: „მოდი, ახლა ჩემთან ერთად ილოცეო“. მის მიერ წარმოთქმულ ლოცვის სიტყვებს ვიმეორებდი. დაახლოებით ერთი საათი მაინც ვლოცულობდით. როდესაც დავასრულეთ, ვუთხარი: „ვაიმე, მამა გაბრიელ, როგორ ბრწყინავთ, თქვენ გვერდით ვიწვები, თქვენგან სინათლე მოდის-მეთქი“.

მომიბრუნდა და მითხრა: „აი, ახლა შენგანაც მოდის სინათლე. როდესაც მთელი გულით ლოცულობ, ყველა ადამიანზე გადადის მადლი და ანათებს, ეს არის ლოცვის ძალაო”.

– რა იყო მამა გაბრიელის მთავარი სულიერი დარიგება?

– მამა გაბრიელი სამ სულიერ სათნოებას ქადაგებდა: სიყვარული, განკითხვისგან თავის შეკავება და თავმდაბლობა.

მამა გაბრიელი მუდმივად იმეორებდა, – მთავარია სიყვარული, რადგან „ღმერთი სიყვარული არს“.

ხშირად იცოდა თქმა: „თუ ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, არავის განიკითხავს. „ნურასოდეს ნურავის განიკითხავთო“.

გვარიგებდა: „როდესაც ვინმეს ცოდვაზე ღიზიანდები, იცოდე, რომ ეს ცოდვა აუცილებლად ბუდობს შენშიც, შეიძლება დაფარულად, მაგრამ აუცილებლად იქნება. ამიტომ, ნუ განიკითხავ ნურავის. გიჟი რომ დაგიძახონ, ხომ გაგეცინება, რადგან იცი, რომ გიჟი არ ხარ, ხოლო როცა სხვის ცოდვაზე ბრაზდები, ეს იმის ნიშანია, რომ ის შენშიც ბუდობს”.

ერთხელ, ასეთი რამ მიამბო: „გორში ვმსახურობდი, ღვინოს არ ვეკარებოდი, გემო არ მომწონდაო. ერთხელაც, გავიგეთ, პატრიარქი მობრძანდებოდა. მისმა უწმინდეოსობამ წირვა დააყენა, დაიწყო ქერუბიმთა საგალობელი და პატრიარქი ბარძიმით ხელში გამობრძანდა, ამ დროს ტაძარში ნასვამი სასულიერო პირი შემოვიდა, შემთხვევით პატრიარქს დაეჯახა და ლამის ბარძიმი გააგდებინა. ისეთ განკითხვაში ჩავვარდი, ვიფიქრე: არც ვარ ღირსი, რომ ვეზიარო-მეთქი. პატრიარქმა, თავისი ჩვეული სიდინჯითა და სიბრძნით, მშვიდად მიმართა მოძღვარს: „მამაო, ახლა თქვენ გაბრძანდით და ეკლესიის კარებთან დადექით, ნუ მიიღებთ საიდუმლოში მონაწილეობასო”. მოძღვარი დაემორჩილა, შენდობა სთხოვა და დადგა ტაძრის კარებთან.

გადის ორი წელი. ისევ ისმის, რომ მისი უწმინდესობა მობრძანდება გორში. დილის შვიდ საათზე დამადგნენ თავზე და მიცვალებულის წესის აგება მთხოვეს. შევასრულე წესის აგება. ჭირისუფალმა მთხოვა, ერთი ჭიქა დალიე მიცვალებულის შესანდობარიო. ჩადგა კარებში და არ მიშვებდა. მოკლედ, დავმორჩილდი და ერთი ჭიქა დავლიე. ტაძარში რომ შევედი, დაწყებული იყო უკვე ქერუბიმთა საგალობელი. შევედი და დავეჯახე პატრიარქს! ზუსტად იგივე ჩავიდინე, რისთვისაც ორი წლის წინ ადამიანი განვიკითხე. ამას იმიტომ გიყვები, რომ არასოდეს არავინ განიკითხოო!

– საინტერესოა, როგორ აწვდიდა მამა გაბრიელი სულიერ საზრდოს იმ ადამიანებს, ვინც მის სალოსურ ღვაწლს განიკითხავდა და ვერ იტევდა.

– მახსოვს, ერთხელ მეგობარი მესტუმრა. როცა დაინახა მამა გაბრიელი, გაცვეთილი და დახეული სამოსით დადიოდა, ძალიან გაუკვირდა. ეტყობა, გონებაში განიკითხა. მამა გაბრიელი ზუსტად მიხვდა, რომ ის ვერ გაიგებდა მის სალოსურ ქცევას. დაუძახა, – მოდი ჩემთანო. დღესაც არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ ის მისი სენაკიდან გაბრწყინებული გამოვიდა და ყველა პრობლემა დავიწყებული ჰქონდა.

თუ ხედავდა, რომ ადამიანი ვერ მიიღებდა მის სალოსურ ქადაგებას, ხდებოდა ძალიან სერიოზული, წმინდა ბერი.

სამოქალაქო ომის დროს მონასტრის ეზოში იარაღასხმული „მხედრიონელები“ შემოვიდნენ, ტაძრისკენ აიღეს გეზი. მამა გაბრიელი სენაკიდან გამოვარდა, გაშალა მანტია და იყვირა: „შეჩერდით!“ ყველა გაშეშდა. „დაემორჩილეთ, დაყარეთ იარაღი”, – ბრძანება გასცა მეთაურმა. მთელმა რაზმმა დაყარა იარაღი. „ახლა დაიჩოქეთო”, – წარმოთქვა მამა გაბრიელმა. ასე დაჩოქილებს ასწავლა და ათქმევინა „მამაო ჩვენო“. ამის შემდეგ უბრძანა: „შებრძანდით და მოილოცეთ ტაძარიო“.

მხედრიონელები დამორჩილდნენ, შევიდნენ ტაძარში და იქედან თვალცრემლიანები და გაბრწყინებულები გამოვიდნენ. უდიდესი ძალა ჰქონდა მის სიტყვას.

მეროჭიკე ბერები

როდესაც დრო მქონდა, სულ ვცდილობდი, მამა გაბრიელის გვერდით ვყოფილიყავი. ერთხელაც მითხრა: მოდი, მე და შენ წავიდეთ და მეროჭიკე ბერების ღვაწლი ვიტვირთოთო. ვკითხე: რა არის მეროჭიკე ბერები-მეთქი? განმიმარტა: კარდაკარ უნდა ვიაროთო. ვუპასუხე: მამა გაბრიელ, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი და გაეცინა. არ ვიცი, ალბათ, უნდა დავთანხმებოდი. დღესაც არ ვიცი, რა უნდა მექნა. მგონი, შევეცოდე, რადგან ძალიან შემეშინდა ამ ღვაწლის. თუმცა, მოგვიანებით წმინდა ნინოს გზაზე დავდიოდი და დაახლოებით ასე ასრულდა მისი სიტყვები, თუმცა მან მითხრა: მარტო მე და შენ წავიდეთო.

მალევე დაიწყო აფხაზეთთან ავადსახსენებელი ომი და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მომიწია აფხაზეთში წასვლა. მამა გაბრიელმა გულით მთხოვა, მარტო არ დამტოვოო. ვუთხარი: მამა გაბრიელ, მე ხომ ჩამოვალ-მეთქი. აი, აქაც არ დავემორჩილე და წავედი. სოხუმიდან დაბრუნებული, მისმა უწმინდესობამ მალევე გაგვიშვა ბოდბეში. მონასტერი რთულ მდგომარეობაში იყო – ლენინის მუზეუმად იყო ქცეული. ექსპონატების თაროებზე გვეძინა.

შემდეგ დიდთოვლობა დაიწყო და ვერ ჩამოვედით. ისე გარდაიცვალა, ბოლოს მის გვერდით არ ვყოფილვარ.

სოხუმიდან ჩამოსვლისას, რა თქმა უნდა, ვნახე და კურთხევა ავიღე, უკვე ცუდად იყო. ვუთხარი: თქვენი ლოცვით ცოცხლები დავბრუნდით-მეთქი. ნამდვილად მისი ლოცვით დავბრუნდით, რადგან ჭუბერი გამოვიარეთ და სხვაგვარად იქიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო. უძლურებაში იყო და ტკივილებისგან იტანჯებოდა, მაგრამ გამიღიმა. მამა გაბრიელის თვალები მაინც ანათებდა: სუფთა, უმანკო და სიყვარულით სავსე. მისი მზერა სიყვარულს აფრქვევდა. ახლაც, როცა ამას ვყვები, ვგრძნობ, რომ ის აქ არის, მიღიმის და მეხმარება.

როგორ დააცხრო არეულობა მამა გაბრიელმა სამოქალაქო ომის დროს

მამა გაბრიელი ძალიან განიცდიდა ძმათამკვლელ ომს, სწუხდა, სისხლი დაიღვრებაო. ასეთ დროს, გულმხურვალედ ლოცულობდა, ძირითადად, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების წინაშე. მომიტინგეები პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ, იყო ჩხუბი, ურთიერთდაპირისპირება. საპატრიარქოს წინააღმდეგაც გამოდიოდნენ, მამა გაბრიელმა მითხრა: „წავიდეთ, ახლა ჩვენ უნდა დავაცხროთ ეს არეულობა!“

ეს დაჯგუფებები განსაკუთრებით სასულიერო პირებს, მამაკაცებს ერჩოდნენ, რადგან ჩვენ (მონაზვნებს) შავოსან ქალებად გვთვლიდნენ და ვერ აღგვიქვამდნენ მონაზვნებად. შევშინდი, „ვაიმე, მამა გაბრიელ, რამე არ დაგიშავონ-მეთქი!“ გადმომხედა და მშვიდად მიპასუხა: „იქეთ არ დავუშავოო.“

ქაშვეთის ეკლესიასთან გავაჩერეთ მანქანა. გარეთ უკიდურესად რთული სიტუაცია იყო: ლანძღვა, გინება და საშინელი არეულობა სუფევდა. თვალები დავხუჭე და ვლოცულობდი: „არ ჩაქოლონ მამა გაბრიელი-მეთქი!“

ამ დროს მამა გაბრიელმა გაშალა მანტია და შესძახა ვითარცა ლომმა: „შეჩერდით!“ ისეთი ხმა ჰქონდა, მსგავსი სიძლიერისა მიკროფონშიც კი არ მომისმენია. წარმოიდგინეთ, მომიტინგეები პარლამენტთან იდგნენ, ჩვენ – ქაშვეთთან და მისი ხმა პარლამენტამდე მივიდა! ყველა გაირინდა. საშინელი ხმაური და არეულობა წამიერად გაჩერდა.

ხალხმა გზა გახსნა. მამა გაბრიელმა გაიარა, დადგა პარლამენტის წინ და ამხილა ისინი: „არც კი გრცხვენიათ? ქართველები არ ხართ?! აბა, აკურთხეთ ერთმანეთი!“ შემდეგ მიმართა ხალხს: „ქალებო, წადით, ოჯახებს მიხედეთ. კაცებო, თქვენ კიდევ ოჯახებს მიხედეთ, ხელი გაანძრიეთ და ოჯახში რაღაც შეიტანეთო!“ (იმ დროს ქვეყანაში საშინელი გაჭირვება იყო). ნელ-ნელა ხალხმა დაიწყო დაშლა. ქადაგების დასრულების შემდეგ მალე მარტო მამა გაბრიელი და მე დავრჩით.

სიტყვით დაშალა ამხელა ძალა. ეს სიტუაცია კი, შესაძლოა, სისხლისღვრაში გადაზრდილიყო, რადგან ხალხს ხელკეტები და პატარა ყუმბარები ჰქონდა.

სასწაული და ნუგეში

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამოყვანებისას, ბოდბეში ვიყავი. ძალიან მაღალი სიცხე მქონდა და ამის გამო ვერ შევძელი ჩამოსვლა. იმდენად განვიცდიდი, რომ რამდენიმე დღე ვტიროდი: „როგორ ვერ გნახე, როგორ ვერ შევძელი და ვერ ვნახე, როგორი ხარ!“ ჩემი თვითგვემა დიდხანს გაგრძელდა.

ძილ-ღვიძილში ვხედავ: სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც მამა გაბრიელია დასვენებული, შუაში პატარა ტახტი დგას, ჭილოფი აქვს გადაფარებული და მიცვალებულია დასვენებული. ვფიქრობ: ნეტავ, ვინ გარდაიცვალა? მოულოდნელად, მიცვალებული ამოძრავდა. ყველაფერს ისე ვგრძნობდი, როგორც ცხადში, და ძარღვებში სისხლი გამეყინა.

უეცრად გადაიწია ჭილოფი და ვხედავ – მამა გაბრიელია! მითხრა: „აი, როგორი ვარ, ახლა ხომ დაისვენე?“ ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა, ცოტა უფრო ახალგაზრდობის დროინდელი. დამლოცა და იმავე წუთს დავმშვიდდი. ის, როგორიც სასუფეველში წარდგა – შედარებით ახალგაზრდა და ჯანმრთელი – ეს იყო ჩემთვის უდიდესი ნუგეში და სასწაული.

– მამა გაბრიელის სახსოვარი რაიმე ნივთიც ხომ არ გაქვს?

– მქონდა – ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ის მუდმივად ლოცულობდა. მამა გაბრიელი ჩარჩოებს კონსერვის ქილებისგან ამზადებდა და ეს ხატიც ასეთი ჩარჩოთი იყო. ეს სიწმინდე დიდხანს მქონდა. დაახლოებით, 2015 წელს, ერთ ადამიანს ძალიან დიდი გასაჭირი ჰქონდა. ხატმა უშველა. მან ძალიან მთხოვა და მეც დავუტოვე.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026