- 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი პუტინის კრიტიკოსი, სატირიკოსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) სავარაუდოდ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეთა წრეს აფართოებს – ამ ეტაპზე დაკავებული ორი კაციდან ორივე საქართველოს მოქალაქეა.
- 36 და 22 წლის ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორი სხვადასხვა სოფლიდან არიან. ორივე მათგანი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – პირველი მკვლელობიდან 72 საათში, მეორე კი ოთხი თვის შემდეგ დააკავეს.
- ცხელ კვალზე დაკავებულის ვინაობა რადიო თავისუფლებამ გაარკვია – ორი დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, ის თაზაქენდის მაცხოვრებელი, ელნურ ალაზოვია.
გამოძიების პროცესში 36 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ, ბოლო დრომდე გაუხმაურებელ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2022 წელს მოხდა ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში და სადაც მოკლული ასევე საქართველოს მოქალაქე იყო.
რადიო თავისუფლებამ პოლონეთსა და საქართველოში საგამოძიებო და უსაფრთხოების სამსახურებს არაერთი წერილით მიმართა – გამოძიების პროცესში მხარეებს შორის თანამშრომლობის, დაკავებულთა და 2022 წელს მოკლულის ვინაობის, მკვლელობების მოტივების შესახებ კითხვებით. კითხვა დავსვით სავარაუდო დამკვეთებთან დაკავშირებითაც – სწავლობდა თუ არა გამოძიება შესაძლო კავშირებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ირანის სპეცსამსახურებთანაც.
რადგან გამოძიებას ჯერაც მიმდინარის სტატუსი აქვს, კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.
ამ სტატიაში ძირითადად ღია წყაროებზე დაყრდნობით გიყვებით, რა ვიცით პუტინის კრიტიკოსი მხატვრის მკვლელობის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.
ახალი დაკავება მკვლელობიდან 4 თვეში
გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 22 წლის მახმუდ ა.-ს დაკავების შესახებ ცნობა 22 ოქტომბერს გაავრცელა პოლონური სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა X-ზე. მან დაწერა, რომ დაკავებულს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობაში თანამონაწილეობა და ხელშეწყობა, უკვე შეფარდებული ჰქონდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
“გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, მასში ახალი დეტალები გამოიკვეთოს” – ამცნო საზოგადოებას სიემონიაკმა. გამოძიებას ერთობლივად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა, კონტრდაზვერვისა და შიდა უსაფრთხოების მთავარი უწყება (ABW) კი მეთვალყურეობას უწევს ამ გამოძიებას – მათი ჩართულობა არის ნიშანი, რომ პოლონეთის ხელისუფლება ამ საქმეში უცხოური სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას იკვლევს.
პოლონური მედიის ცნობით, 22 წლის საქართველოს მოქალაქე 19 ოქტომბერს დააკავეს კონტრდაზვერვისა და შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა A2 ავტომაგისტრალის სიახლოვეს ავტოსადგომზე.
მანქანაში მასთან ერთად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქეც იყო, რომლებიც უკვე გადასცეს სასაზღვრო სამსახურს – მათ საქართველოში გამოძევებამდე 10 წლით შეეზღუდათ პოლონეთში შესვლის უფლება. მათი კავშირი მომხდარ მკვლელობასთან არ გამოკვეთილა – ვინაობები არც გამოძიებას და არც მედიას არ გაუსაჯაროებია.ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის მახმუდი მასთან ერთად დაკავებულ ორ კაცთან ერთად პოლონეთში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 18 ოქტომბერს ჩაფრინდა საქართველოდან.