12 თებერვალს, საღამო ხანს გლდანში მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, სამი ქვეითი გზის გადაჭრას ცდილობდა, როცა მათ მანქანა დაეჯახა.
როგორც ირკვევა, სამივე პირი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფოს მანქანები და პოლიცია, კარგა ხანს მოძრაობაც შეჩერებული იყო და სასწრაფოს ექიმები დაშავებულებისთვის დახმარების გაწევას ცდილობდნენ.
“მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სამი ადამიანია დაშავებული. სამივე გადაყვანილი იყო სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში. ერთს, ახალგაზრდა ბიჭს გაეწია სათანადო დახმარება და ის უკვე გაწერეს სახლში. კიდევ ერთ დაშავებულ ქალბატონს ხელი აქვს მოტეხილი და ამჟამად ნორმალურად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განსაკუთრებით მძიმეა ერთი ქალბატონის მდგომარეობა, სამწუხაროდ ის უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში. ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას. ქალბატონს ამჟამად უტარდება თავის ოპერაცია და ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვიცი მხოლოდ ის, რომ სამივე გადმოდიოდა გზაზე, უფრო სწორედ მძღოლს გადმოურბინეს. იქვეა პატარა ბაზარია და ამბობენ, ბაზრიდან გამოვიდა სამივე და გზის გადაჭრას ცდილობდნენო. მეტი არაფერი ვიცი. მძღოლი 59 წლის მამაკაცია, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მძღოლი პოლიციას წაყვანილი ჰყავს პოლიციის განყოფილებაში და ახლა დაკითხვა მიმდინარეობს, მეტი დეტალი არ ვიცი, ჯერ მძღოლთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მქონია. ახლა ყველაზე მთავარია, რომ ქალი გადარჩეს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.