დღეს მივიღე კიდევ ერთი TikTok ლაივის ჩანაწერი, სადაც ახალი გმირი, სახელად ნინი, გამოჩნდა. ის გურიკას საქმის ირგვლივ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.
მასალა მრავალსაათიანი იყო. მოვუსმინე ყურადღებით, გავშიფრე და ამ ჩანაწერიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გიზიარებთ….
მის მონათხრობში არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი დეტალი აღმოვაჩინე.
ამბობს, რომ მლეთაში წასვლა თავადაც ძალიან უნდოდა, თუმცა მიზეზად ასახელებს იმას, რომ ძმამ უთხრა, სოფელში წავიდეთო. ამასთან, მისი თქმით, და-ძმა სოფელში ისედაც მეორე დღეს მიდიოდნენ და მას თავისუფლად შეეძლო მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა.
ასევე ამბობს, რომ ექსკურსიაზე წასვლა მის სახლში გოგოებმა დაგეგმეს.
გეტყვით რომ საქმის მასალებში და სხვადასხვა წყაროში არაერთი ვერსია ვნახე, თუმცა პირველად მოვისმინე, რომ ექსკურსია კონკრეტულად ნინის სახლში დაიგეგმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მისი თქმით, მაშინ დაახლოებით 20 წლის იყო და გურიკამ წასვლის წინ პირადად უთხრა, რომ 10 აბი დიმედროლი ჰქონდა მიღებული.
ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ “ცოტა გაუკვირდა“, გურიკასთვის განსაკუთრებული არაფერი შეამჩნია და ამის შესახებ არც მაშინ და არც მოგვიანებით არავისთვის უთქვამს.
ამბობს იმასაც, რომ დილით, როდესაც ექსკურსიიდან ჯგუფი დაბრუნდა, იყო კივილ-წივილი და გოდება, რადგან გურიკა დაიკარგა, თუმცა იმ მომენტში მაინც ყველას ეგონა, რომ ის მალე გამოჩნდებოდა.
ამის შემდეგ თავადაც არ შეუცვლია გეგმები და იმავე დღეს ძმასთან ერთად სოფელში წავიდა.
კიდევ ერთი საინტერესო ცვლილება მის მონათხრობში: ამბობს, რომ აქამდე გურიკა გარდაცვლილი ეგონა, ახლა კი მიაჩნია, რომ ის ცოცხალია. თუმცა არ აკონკრეტებს, რა გახდა მისი შეხედულების შეცვლის საფუძველი.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ დეტალებისა, რომლებზეც კითხვები ჩნდება.
ამ ყველაფრის გასარკვევად დღეს შევთავაზე ჩემთან გასაუბრება, თუმცა მან უარი განაცხადა…
კიდევ ერთხელ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
გთხოვთ, სათანადო ყურადღება მიაქციოთ ყველა ასეთ ფაქტს, შეისწავლოთ ამ ადამიანების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გადაამოწმოთ მათ მონათხრობში არსებული შეუსაბამობები.
ეს დეტალები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს პასუხი უნდა გაეცეს.
ჩნდება კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის დროა!