ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

საწვავის გამუდმებული გაძვირების გამო, სურსათისა და ძირითადი მოხმარების პროდუქტის ფასი გაიზრდება

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საქართველოში მოკლე დროში ბენზინი 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი – 16 თეთრამდე გაძვირდა. არასახარბიელო მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზარზეც, სადაც ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც იმპორტიორები და მწარმოებლები აცხადებენ, მყისიერად არა, მაგრამ ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან საწვავზე პლატსის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე – 1400 დოლარი ერთ ტონა ბენზინის შემთხვევაში. დიზელის ფასი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება და დღესდღეობით 1550 დოლარის ფარგლებშია.ცხადია, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობა ნეგატიურად აისახება საქართველოს ბაზარზეც. ეს უარყოფითი გავლენა უკვე გამოიხატა დიზელისა და ბენზინის გაძვირებაში, მაგრამ ახალი პრობლემა ის არის, რომ საწვავის გაძვირებას სხვა სამომხმარებლო პროდუქტის ფასის ზრდაც მოჰყვება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საწვავის ღირებულების ცვლილება ზეგავლენას ახდენს პროდუქციის ფასის ფორმულირებაზე. „დავიწყოთ იქიდან, რომ პროდუქცია ჯერ მწარმოებელ ქვეყანაში ძვირდება, შემდეგ საერთაშორისო გადაზიდვის ფასი იცვლება და ბოლოს უკვე შიდა ბაზარზე, შიდა ლოგისტიკური მომსახურების ფასიც იზრდება. მთლიანი ეს ჯაჭვი თავის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე, უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობენ კომპანიები ფასების შენარჩუნებას და ეს უკავშირდება დროის ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ იყოს, ვინაიდან მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ “ურტყამს ” რეალიზაციას. ნებისმიერი ცვლილება ნავთობზე, საერთაშორისო ფასები იქნება, თუ ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთლიან ჯაჭვში უარყოფითად მოქმედებს ფასებზე. შეიძლება, ეს მყისიერად არ აისახოს, მაგრამ ეტაპობრივად მაინც გაძვირდება“, – განუცხადა „რეზონანსს“ ლაშა რიჟამაძემ.

პროდუქციის ფასის ზრდა, რაც გარდაუვალია საწვავის გაძვირების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას სურსათის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით? ლაშა რიჟამაძემ დარწმუნებულია, რომ სურსათის ფასთან მიმართებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სამართლიანი სავაჭრო პირობების არსებობა ადგილობრივ ბაზარზე.„წლების განმავლობაში, სწორედ ამას ითხოვს სადისტრიბუციო სექტორიც და ადგილობრივი მწარმოებელიც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეიძლება არსებობდეს ფასის ფორმულირების კუთხით, მაგრამ ბაზრის სწორად განვითარებისა და შედარებით უფრო სტაბილური ფასის არსებობისთვის პროდუქციაზე, მისი რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკის შემოღება ერთმნიშვნელოვნად კარგია. კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ძალთა დისბალანსი არსებობს ურთიერთობაში, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაარეგისტრირა და პარლამენტს წარუდგინა ამ რეგულირების აქტი. ყველა მიმწოდებლისთვის მთავარია, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს ურთიერთობა, რათა ჯერ საკუთარი თავი დაიცვან და საბოლოოდ, მომხმარებლებიც. ეს იმიტომ, რომ მიმწოდებელი, რომლის უფლებებიც ილახება, საბოლოოდ, ყველა ფინანსურ ზარალს ასახავს პროდუქციის ღირებულებაში, რის გამოც ზარალდება მომხმარებელი“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ ლაშა რიჟამაძემ.

გაზიარება: