“გამარჯობა მე ნანიკო ვარ ხაზარაძე, ტელეწამყვანი ამჟამად ყოფილი ტელეწამყვანი. 53 წლის ვარ, პროფესიით – მსახიობი, მხატვარი და უცხო ენების სპეციალისტი“ – ასე მიესალმა და წარუდგა ნანიკო ხაზარაძე “სახალხო ინტერვიუს” მაყურებელს…
როგორც მიხვდით, AMBEBI.GE-სა და “პალიტრანიუსის” ერთობლივი პროექტის მორიგი სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო გადაცემის სრულად ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ლიკა:
– ნანიკო, გამარჯობა. „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ როგორ ხართ? რას საქმიანობთ?
უკვე თვეა, რაც იმედიდან წამოვედი და რაღაცნაირად მგონია, რომ ჯერ მხოლოდ ორი-სამი დღე გავიდა. კარგად ვარ, ვისვენებ, რაღაც ახალი ჟანგბადი ჩავისუნთქე, ბევრი ახალი საქმე წამოვიწყე და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება.
დიტო:
– ნანიკო, არ მეგონა თუ “იმედს” დატოვებდით… რეალურად რა მოხდა, რატომ წამოხვედით ტელევიზიიდან – მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია… ხომ არ ნანობთ?
– არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში. რატომ მოხდა, რაც მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ მოხდა… ქმარს გავშორდი, ჩემი შვილის მამას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი შვილისთვის. ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა და ახლა „იმედიდან“ წამოსვლა მგონი, არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის… რაღაც იწყება და რაღაც სრულდება. როგორც ჩანს, ეს ჩემი და „იმედის“ ურთიერთობის დასასრულია.
ნინო:
– გული მწყდება თქვენი „იმედიდან“ წამოსვლის გამო. ისე, ამის მოლოდინი სულ მქონდა… მაინტერესებს, ლილუმ, თქვენმა შვილმა რა გითხრათ?
– ჩემი შვილი ჩემი გულშემატკივარია და ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი, თუნდაც არაპოპულარული და მისთვის არა გამართლებული, რა ვიცი, მაინც მისაღებია. სულ მეუბნება, რომ ყველაზე მაგარი დედიკო ჰყავს. ქალღმერთს მეძახის. თან ისე მიხარია, რომ ვურეკავ, ტელეფონზე ასე ეწერება – დედიკო, ჩემი ქალღმერთი. მისთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არის მისაღები და მადლიერია… მკოცნის და სულ სიყვარულს მიხსნის. მოკლედ, ჩემთან არის, ყველა ჩემი ნაბიჯის გადადგმისას.
მზია:
– იმ ფაქტის შემდეგ გია ჯაჯანიძეს როგორ დაშორდით. აღარ ელაპარაკებით ერთმანეთს?
– არ დავშორებულვარ. ჯაჯანიძეს ველაპარაკები. ვნახე კიდევაც და ტელეფონითაც ბევრჯერ ვიკონტაქტე. ვაგრძელებთ ურთიერთობას. რომ გითხრათ, ვმეგობრობ და ყოველდღე ერთად ვართ, არა, მაგრამ ვკონტაქტობთ.
ნიაკო:
– სოციალურ ქსელში ადამიანები გამუნათებდნენ, რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მხარს არ უჭერსო… გასაგებია, რომ ნებისმიერი ადამიანი თვითონ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთ კომენტარებზე რა პასუხი გაქვთ?
– კი, მამუნათებდნენ, მაგინებდნენ, მწყევლიდნენ, ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდნენ, მთაგავდნენ, მწერდნენ, მირეკავდნენ ასაკით პატარა გოგოები და ბიჭები. მოკლედ თავს იმის უფლებას აძლევდნენ, რისი უფლებაც რეალურად არ ჰქონდათ. თუმცა მე არავისთვის არ მიპასუხია… დღეს აღარ მლანძღავენ, იმიტომ კი არა, რომ “იმედიდან“ წამოვედი. უბრალოდ, დიდი ხანია აღარ მამუნათებენ. რატომ? არ ვიცი, მათ ჰკითხეთ, ვინც მამუნათებდა.