ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“რუსები 2026-ში, მაქსიმუმ 2027 წლის დამდეგს აპირებენ ევროპაში გაართულონ ვითარება” – ლაშა ძებისაშვილის ანალიზი: რა გეგმავს პუტინი?!

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

დასავლური სადაზვერვო მონაცემებით, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთი 2030 წლამდე ევროპის რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პუტინმა ომის დაწყება სცადოს ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე, იგულისხმება ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეესაბამება ეს იმ რეალობას, რაშიც დღეს იმყოფება აგრესორი რუსეთის ფედერაცია, რომელიც მეხუთე წელია ჩართულია უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში და რომელსაც თავისივე დაწყებული ომი მის ტერიტორიაზე დაუბრუნდა უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო დარტყმების სახით. “რუსეთისთვის ერთ-ერთი გამოსავალი სხვა მიმართულებით ესკალაციის გამოყენებაა. ამიტომ, ვფიქრობ, რუსები 2030-მდე, კერძოდ, 2026-ში, მაქსიმუმ 2027-ის დამდეგს აპირებენ ევროპაში გაართულონ ვითარება”, – ამბობს პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი.

– ეს განცხადება საერთაშორისო აუდიტორიისთვის, უპირველესად კი ევროპელებისთვისაა გამიზნული. ის, რომ პუტინი მათ ეუბნება, 2030 წლისთვის ვიქნებით მზად თქვენთან საბრძოლველადო (იმ ფონზე, რა ვითარებაც მას ეკონომიკაში და ფრონტის ხაზზე აქვს), არ ნიშნავს, რომ რუსეთი მართლა ამ წლისთვის ემზადება ომისთვის – ამ ტემპითა და რესურსებით, მათ შორის მაშინ, როცა ის შეიარაღება, რაც ჰქონდათ, უკვე გახარჯულია და სწრაფი ტემპით მიდის არსებული მარაგების გახარჯვაც. ვფიქრობ, რუსები 2026-ში, მაქსიმუმ, 2027-ის დამდეგს აპირებენ ევროპაში გაართულონ ვითარება. ეს გზავნილი სწორედ ამ მთავარ ამოცანას ასრულებს – საინფორმაციო სიცრუეში ამყოფონ ევროპელები და როცა გჯერა, რომ რუსეთი 2030 წლამდე არ დაგარ­ტყამს, ზომებს აღარ იღებ იმისთვის, რომ უკეთ მოემზადო.

– “შეჭამს” ამ მცდარ მესიჯს ევროპა?

ევროპაში ყოველთვის არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციას იყენებენ. ევროპა ძალიან ნელია რეალობის აღქმასა და ნაბიჯების გადადგმაში და ასეთი ძალები ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ თქვან, რუსეთი არაფერს აპირებს 2030 წლამდე და რა საჭიროა ევროპის ასეთი მილიტარიზაცია, სასწრაფო ასიგნებების გამოყოფაო და ევროპა გააგრძელებს მზადებას, მაგრამ ეს მხოლოდ სანახევროდ გადადგმული ნაბიჯები იქნება. მთავარი პრობლემა ის კი არაა, რუსეთი მართლა დაიპყრობს თუ არა ამ ტერიტორიას, არამედ ის, რომ როცა რუსეთი ბალტიისპირეთის რაღაც ნაწილს დაიკავებს, ამას მოჰყვება ის პოლიტიკური ულტიმატუმი, რაზეც მერე ევროპამ ერთიანად უნდა გასცეს პასუხი.

თუ ევროპა გადამწყვეტად არ ეტყვის რუსეთს, გაეთრიე ბალტიისპირეთიდან, თორემ ჩვენ ვაგრძელებთ ომს, მათ შორის მზად ვართ ბირთვული ომის

გასაგრძელებლადო, არამედ დაიწყებს ვაჭრობას, ჩათვალეთ, რომ რუსეთის ავანტიურა წარმატებით დასრულდა და რუსეთი ჩაითრევს ევროპას თავისი პირობებით მოლაპარაკებებში.

ამიტომაა ეს პრობლემატური, თორემ სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება მთლად არც იყოს ბალტიისპირეთი სათანადოდ მომზადებული, მაგრამ თუ მას გარანტირებულად ეცოდინება, რომ რუსეთის შეტევის შემთხვევაში კრემლთან არავითარი მოლაპარაკება არ იქნება, არამედ ეს გაგრძელდება ბოლომდე, სანამ რუსები არ იქნებიან ბალტიისპირეთიდან გაყრილი, რუსეთი დაიწყებს კიდეც ომს. მას იქ რუსული ეთნიკური უმცირესობაც ჰყავს, პოლიტიკურ პრობლემებსაც ქმნის. ცალკე საკითხია, სამხედრო განზომილება, იმიტომ, რომ მაგალითად, გერმანულ ბრიგადაში, რომელიც უნდა განთავსდეს ლიტვაში (საუბარია 4500-კაციან სრულიად გერმანულ კონტინგენტზე), დღეს 1200 კაცზე მეტი არ არის. ეს ორი ბატალიონის ზომის

მოსკოვის მასშტაბური თავდასხმების დღეებში ზელენსკიმ სცადა პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე წამოეყვანა. ახლახან პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, ოღონდ 2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მასში გაწერილი პუნქტები უკრაინისთვის მიუღებელი იყო, მაშ, ვისთვისაა პუტინის ეს გზავნილი?

– 2022 წლის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება 2026 წლის ვითარებისგან, ამიტომ ეს გზავნილი, პირველ რიგში, რუსეთის შიდა აუდიტორიისთვისაა, რომელსაც უნდა აჩვენოს, ჩვენ მყარად ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და თუ ზელენსკის მოლაპარაკება უნდა, მაშინ უნდა მოვილაპარაკოთ იმ პირობებზე, რომელიც 2022 წელს დავაყენეთო. თუ უკრაინულ პირობებზე დავიდოდა მოლაპარაკება, ანუ მდგომარეობის გაყინვა იქ, სადაც ახლა ფრონტის ხაზია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ამ პერიოდში ეძლევა საშუალება: 1. რუსეთი თუ ისევ დააპირებს ომს, უკეთ მოემზადოს ომის მეორე ეტაპისთვის; 2. დააბალანსოს თავისი ეკონომიკური მდგომარეობა; 3. უფრო წინ წასწიოს თავისი პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაცია დასავლურ ინსტიტუტებში. მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ნატოს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მოემზადოს, ორგანიზაციულად დაიხვეწოს და მეტი შესაძლებლობა გაიჩინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკვე არა უკრაინაზე, არამედ ევროპაზე დააპირებს დარტყმას. აღარაფერს ვიტყვი რუსეთის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რა მოხდება თუ ომი გაჩერდა და ეს 800-ათასიანი შეიარაღებული ჯარი, რომელიც შეჩვეულია ფულის კეთებას, ხალხის ხოცვას და ძარცვას, უსაქმურად დარჩება. რეალურად, არც არავინ აპირებს მათ დაბრუნებას რუსეთში, კრემლის წარმოდგენაში ეს არის მასალა, რომელიც უნდა გაიხარჯოს.

პუტინისთვის ომი არის პროცესი, რა პირობებშიც რეჟიმი აგრძელებს არსებობას. ვფიქრობ, ევროპელების ლოგიკა და რაციონალური აზროვნებაა, რაც უფრო დიდ მასშტაბში ჩაერთვება რუსეთი, მით ნაკლებად ექნება რუს ხალხს შესაძლებლობა და თავისუფალი სივრცე, რომ დაუპირისპირდეს არა გარე, არამედ შიდა მტერს – იმ რეჟიმს, რომელიც მას ომში ერეკება. სწორედ ამიტომ ომის წარმოების ნებისმიერი შემცირება, ან ომის გაყინვა არც ერთ შემთხვევაში არ შედის კრემლის ინტერესებში. ამიტომ არა მგონია, ახლო მომავალში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებული რაიმე ნაბიჯი ვიხილოთ. ომის გაგრძელებაზე თუა საუბარი, მობილიზაციისა და რუსეთის მშვიდობიანი ეკონომიკის ომისთვის შეწირვის გარეშე, კრემლი ვერ მიაღწევს თავის მიზანს. ამიტომ არის, რომ გამქრალია ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა. ის იყო ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, რომელიც რუსეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ცდილობდა ფინანსური პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკის მეშვეობით ეკონომიკური პოლიტიკის ისე წარმოებას, რომ რუსეთის ეკონომიკა, ფინანსები და საბანკო სისტემა არ ჩამოშლილიყო. აქამდე მან ეს ბრწყინვალედ მოახერხა, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ჩანს და ამბობენ, რომ მოიშორეს. რუსეთის სუსტი საბანკო-საფინანსო პოლიტიკა მთლიანად იქნება მიმართული იქითკენ, რომ დააფინანსოს ომი. ადრე იყო წინადადებები, რომ კერძო ანგარიშებზე დაგროვილი დანაზოგების (საუბარია 300 მილიარდ დოლარზე) გაყინვა და ნაწილის ექსპროპრიაციაც კი მომხდარიყო, რაც ნიშნავს, რომ ამ 300 მილიარდით და ამ ტემპით რუსეთი დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოახერხებს ომის გაგრძელებას. რუსეთში კარგად იციან, თუ პუტინის რეჟიმი ამოყირავდა, მათი საქმეც წასულია, ვინც ამ რეჟიმის წარმომადგენლები და ე.წ. გამპრავებლები არიან.

გაზიარება: