დღეს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ყურადღება 25 წლის ესპანელი გოგონასკენაა მიმართული. ნოელია კასტილიო რამოსს 26 მარტს ევთანაზია ჩაუტარდება. (ევთანაზია – სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება.)
ესპანეთში ევთანაზიის პირველი საქმე განიხილება, რომელიც დეპრესიას უკავშირდება.
წლების განმავლობაში გადატანილი ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ, მაშინ როცა მამას ქალიშვილის გადარჩენა სურს, გოგონა თავის უკანასკნელ ფიქრებს გვიზიარებს:
„უბრალოდ ახლა მშვიდად მინდა წასვლა და ტანჯვის შეწყვეტა, წერტილი.“
ახალგაზრდა ქალს, რომელიც საშინელი სექსუალური ძალადობის შემდეგ მეხუთე სართულიდან გადახტა, მამის გასაჩივრების მიუხედავად, ევთანაზიის ჩატარების ნებართვა მისცეს.
25 წლის ნოელიამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ, უბრალოდ „მშვიდობით წასვლა“ სურს.
ჟურნალისტ ბეა ოსასთან ინტერვიუში ნოელიამ თავის ამ გადაწყვეტილებას ღრმად პირადული უწოდა და თქვა, რომ შვებას გრძნობს, თუმცა დასძინა: „მე ამის გაკეთებას სხვას არავის ვთხოვ“.
რა დაემართა ნოელია კასტილიო რამოსს?
2022 წელს ნოელია სახელმწიფო ზედამხედველობის ცენტრში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ის სასტიკი ბანდის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს, რამაც მას ღრმა ტრავმა მიაყენა. ამ ფაქტის შემდეგ, ნოელიამ მეხუთე სართულიდან გადახტომით თვითმკვლელობა სცადა.
ის გადარჩა, მაგრამ პარალიზებული ეტლს მიეჯაჭვა და მუდმივი, ძლიერი ტკივილით ცხოვრობდა. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვიანებით მისი მდგომარეობა ასე შეაფასა – „სერიოზული, ქრონიკული, ხეიბარი“.
„მინდა ღირსეულად დავასრულო“
2025 წლის მარტში ნოელია სასამართლოში გამოცხადდა და პირდაპირ მოსამართლეს ესაუბრა. „მინდა ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულად დავასრულო“, – ციტირებს BBC. რამდენიმე ქვედა ინსტანციის სასამართლომ უკვე მხარი დაუჭირა მის საქმეს. საბოლოოდ, საქმემ ესპანეთის უმაღლეს სასამართლომდე მიაღწია.
ესპანეთში ევთანაზია 2021 წელს დაკანონდა და სერიოზული და ხანგრძლივი ტანჯვის შემთხვევებში დაუშვა.
ნოელიამ ევთანაზიის მოთხოვნაზე განცხადება 2024 წელს შეიტანა. გოგონას არგუმენტი იყო – მას ტკივილთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო. ექიმებმა მისი საქმე განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მისი ტანჯვა აკმაყოფილებდა სამართლებრივ პირობებს. საქმე არა მხოლოდ მის დამბლას ეხებოდა, არამედ იმ ფსიქიკურ ტკივილსაც, რომელსაც ის წლების განმავლობაში განიცდიდა.
ნოელიას ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ ევთანაზიის განხორციელების უფლება მიეცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მას საბოლოო თანხმობა მისცა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა დიდი ძალისხმევა გასწია მის შესაჩერებლად. მანამდე ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ახალგაზრდა ქალის სასარგებლოდ.
უკანასკნელი ინტერვიუს დროს დედამისმა, იოლანდა რამოსმა, განაცხადა: „მე არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები“.
მამამ, ჯგუფ „Abogados Cristianos“-თან ერთად, სასამართლოში პროცესის შეჩერება სცადა.
2026 წლის თებერვალში ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ნოელიას მამის სააპელაციო საჩივარი.
საბოლოოდ, სასამართლომ ნოელიას სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მას „სრული ქმედუნარიანობა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად“.
დებატები, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
ნოელიას ისტორია ვირუსულად გავრცელდა და სოციალურ მედიაში, ხალხი მკვეთრად რეაგირებს. X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „საზოგადოებამ იმედები გაუცრუა. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო“. მეორემ თქვა: „როგორ არის ეს გამოსავალი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გადაიტანა?“ ასევე იყო რისხვა მის მიერ განცდილი ძალადობის გამო. ზოგიერთმა მომხმარებელმა მოითხოვა პასუხისმგებელი პირების მკაცრი დასჯა. ამავდროულად, ბევრმა მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას. არის ამგვარი კომენტარიც: „ამ დონის ტანჯვის შემდეგ, არავინ უნდა იყოს იძულებული გადარჩეს“. არიან ისეთები, რომლებიც ნოელიას გადაწყვეტილებას პატივს სცემენ – „ეს მისი ცხოვრებაა და საბოლოო არჩევანიც – მისია“.
ახალგაზრდა ბარსელონელ ქალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზიის გაკეთების უფლება მისცეს. ის ტანჯვას, საკუთარი ნებით, დღეს შეწყვეტს და მარადისობას შეუერთდება.