გაზაფხული ორგანიზმისთვის ყველაზე რთული და გარდამავალი პერიოდია. ზამთრისგან გამოფიტული სხეული, ვირუსების შემოტევა და მარხვის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა, ამ დროს კი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებული შეშველება სჭირდება.
ამ თემაზე უნიკალურ ცოდნას გვიზიარებს იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე.
დედა ელისაბედი პროფესიით ბიოლოგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ასპირანტურა მოსკოვში დაამთავრა. მისი სადისერტაციო თემა სწორედ იმუნოლოგია-ალერგოლოგიას ეხებოდა. დღეს იგი სულიერი დედაა და მისთვის სხეული სულის ტაძარია, ამიტომაც არის დედა ელისაბედის რჩევები განსაკუთრებული და ყურადსაღები.
– დედაო, რატომ არის იმუნიტეტი ასეთი მნიშვნელოვანი და რამდენად ხელმისაწვდომია ჯანსაღი ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის?
იმუნიტეტის გარეშე ადამიანი აბსოლუტურად დაუცველია. ბევრი ფიქრობს, რომ სწორი, ჯანსაღი კვება რთულია და დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში შეგვიძლია პროცესები ისე ვმართოთ, რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდეს. მნიშვნელოვანია სწორად მივიღოთ ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ეხმარება ვიტამინების სრულფასოვან ათვისებაში.
– არსებობს „ბიოლოგიური ოქროს წესი“ ხილთან დაკავშირებით. რას გულისხმობს ის?
– ხილის ჭამა საკვების მიღებისთანავე დაუშვებელია! ხილი ნახშირწყალია, რომელიც კუჭში ელვისებურად იშლება. თუ მას სადილს დააყოლებთ, ხილი იძულებულია დაელოდოს ძირითადი საკვების მონელებას (რასაც ხშირად 2 საათი სჭირდება). ამ დროს ხილი იწყებს დუღილს და ლპობას. შედეგად, სარგებლის ნაცვლად ორგანიზმს ზიანს ვაყენებთ. ხილის მიღება მნიშვნელოვანია კვებამდე 15 წუთით ადრე, ან საუზმიდან, ან სადილიდან მინიმუმ საათნახევარი მაინც უნდა იყოს გასული.
– დილის ერთი ჭიქა წყლით დაწყება მითია თუ რეალობა?
– ეს აუცილებელი რეალობაა. პირველი, რასაც ვაკეთებთ – უზმოზე ვსვამთ ერთ ჭიქა წყალს. ჩვენი სხეულის ძირითად ნაწილს წყალი შეადგენს – ტვინში მისი შემცველობა 92 პროცენტია. წყალი აუცილებელია მეტაბოლიზმის გასაღვიძებლად და ღამის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინების გამოსადევნად.
ციტრუსის ნაზავი იმუნიტეტისთვის და დაცვა ალცჰაიმერისგან
ხილიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო ციტრუსების უდიდესი სარგებელი. მე ხშირად ვამზადებ ასეთ ნაზავს: ვიღებ დაახლოებით ერთ კილოგრამ სხვადასხვა სახის ციტრუსს – ლიმონს, ფორთოხალს, გრეიპფრუტს. კარგად ვრეცხავ და კანიანად ვატარებ ხორცსაკეპ მანქანაში. ამ მასას ვამატებ ნახევარ კილოგრამ თაფლს და ვინახავ მაცივარში. ყოველდღე ერთი ან ორი სადილის კოვზი ამ ნაზავის მიღება იმუნიტეტისთვის ნამდვილი საჩუქარია.
აქვე მინდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ: ციტრუსების გასუფთავებისას ხშირად მაქსიმალურად ვაცლით ხოლმე იმ თეთრ მასას, რომელიც კანსა და ნაყოფს შორისაა. ეს არ არის სწორი! ბევრმა მეცნიერმა დაადასტურა, რომ ეს თეთრი ფენა გაცილებით უფრო სასარგებლოა და მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე თავად ნაყოფი. ამიტომ, ნუ ეცდებით მის „იდეალურად“ გასუფთავებას.
ნაზავის საიდუმლო მის ცედრაშია (კანში). კანი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც იცავს ნეირონებს – ჩვენი ტვინის უჯრედებს – დაზიანებისგან. მისი რეგულარული მიღება მინიმუმამდე ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. ასე რომ, ციტრუსი არა მხოლოდ გვიცავს გაციებისგან, არამედ ჩვენი გონებრივი სიჯანსაღის მთავარი მცველიცაა.
გულის ელექსირი
დაგვჭირდება 200 გრამი ქიშმიში, გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, ნიგოზი და ერთი ცალი ლიმონი ცედრიანად. ლიმონი ჯერ დავაყოვნოთ მდუღარე წყალში, შემდეგ სოდით გავრეცხოთ, გავატაროთ ხორცსაკეპში თაფლთან ერთად და შევინახოთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილას, წყლის დალევიდან 30 წუთში.
– როგორი უნდა იყოს კვების დღიური განრიგი და რა იგულისხმება „ოქროს საათებში“?
– გადამწყვეტი ის კი არა, რა დევს თქვენს თეფშზე, არამედ რომელ საათზე მიირთმევთ მას. თითოეულ საკვებ ჯგუფს თავისი „იდეალური დრო“ აქვს, საათობრივი სიზუსტე კი ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობის საწინდარია:
საუზმე ენერგიის საძირკველია. დილის კვება აუცილებლად თერთმეტ საათამდე უნდა დავასრულოთ. ეს ის დროა, როცა სხეულს „საწვავი“ სჭირდება, ამიტომ მივირთვათ კვერცხი, რძის პროდუქტები და ფაფეული. თუ არჩევანს შვრიის ფაფაზე შეაჩერებთ, კარგია ხუთი ლებანი ნიგოზი დავუმატოთ. თუკი წინა ღამით წყალში ჩაალბობთ, მისი სასარგებლო თვისებები გაორმაგდება. ასევე კარგია ათი ცალი თხილი ან თერთმეტი ცალი ნუში.
სადილისთვის საუკეთესო დრო ორიდან სამ საათამდე შუალედია. აქ მთავარი აქცენტი ნახშირწყლებზე გადადის – წვნიანები, ბრინჯი, მაკარონი ან წიწიბურა. ეს პროდუქტები ნელა იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგია და მხნეობა დღის ბოლომდე გაგყვებათ.
ვახშამი უჯრედების მშენებლობის დროა. საღამოს კვება ექვსიდან შვიდ საათამდე უნდა მოვასწროთ. ამ დროს ორგანიზმს აუცილებლად ცილა უნდა მივაწოდოთ – თევზი ან ხორცი. სამასი გრამი თევზი ან ორას ორმოცდაათი გრამი ხორცი სრულიად საკმარისია. ამაზე მეტი უკვე ზედმეტი ტვირთია სხეულისთვის. საღამოს მიღებულ ცილას ორგანიზმი ძილის დროს, მოსვენებულ მდგომარეობაში იყენებს რეგენერაციისთვის – სწორედ ღამით აშენებენ და ანახლებენ ამინომჟავები თქვენს უჯრედებს.
შვიდი საათის შემდეგ კი ჯობია ორგანიზმს დასვენების საშუალება მივცეთ, რათა მან მიღებული მარაგი სრულფასოვნად აითვისოს.
უმჯობესია თუ შვიდი საათის შემდეგ აღარაფერს მივიღებთ. ამით ორგანიზმს ვაძლევთ საშუალებას, მიღებული საკვები სრულფასოვნად აითვისოს და გადაამუშაოს. თუ ამ განრიგს დავიცავთ, ჩვენი სხეულიც ჯანსაღი იქნება.
– დედაო, განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი რჩევები ბოსტნეულზე. რა სარგებელი მოაქვს მათ ორგანიზმისთვის?
– მცენარეული საკვები ჯანმრთელობის საძირკველია. განსაკუთრებით გამოვყოფდი სალათის ფოთოლს – მასში 8 მიკროელემენტია, ორგანიზმს კი სულ 10 სჭირდება. თუ მას ყოველდღიურად მივიღებთ, თითქმის ყველა საჭირო მიკროელემენტით ავივსებით. დაამატეთ გახეხილი სტაფილო, ჭარხალი და სხვადასხვა ბოსტნეული. ადრე პროდუქტი უფრო ჯანსაღი იყო – მახსოვს, ბავშვობაში პომიდორს რომ დაკრეფდი, ორი დღე ოთახში სუნი იდგა. ახლა საკვები გამოფიტულია, რადგან დედამიწაც გამოიფიტა. ამიტომ, ორგანიზმს „მიშველება“ სჭირდება: ომეგა-3, თუთია (ცინკი) და სელენიუმი, რაც ტვინისთვის აუცილებელია. კარგია, თუ სექტემბერ-ოქტომბერშივე დაიწყებთ ამ დანამატების მიღებას, რომ ვირუსების სეზონს გაჯანსაღებული ორგანიზმით შეხვდეთ.
– როგორ დავაბალანსოთ კვება მარხვის დროს, როცა მხოლოდ მცენარეულზე გადავდივართ?
მარხვის პერიოდში ბოსტნეულით გამდიდრებული რაციონი გადამწყვეტია. საქართველოში ნიგოზზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ის რთული მოსანელებელია. მე პირადად ნიგვზიანებს ვერ მივირთმევ. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, შეუძლია ისპანახი ან ჭარხლის ფოთლები ბრინჯთან ერთად მიირთვას – ეს ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. თუ ნიგოზი მაინც გსურთ, დღეში 5 ლებანზე მეტი არ მიიღოთ და ისიც წინა ღამით წყალში ჩაალბეთ, რომ მონელება გაადვილდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანია აცრები ვირუსებთან ბრძოლაში?.
– სეზონური აცრების მომხრე ვარ. ადრე გარემო უფრო სუფთა იყო, მეტი ჟანგბადი და სიმწვანე გვქონდა. ახლა კი ვირუსები საკმაოდ რთული და აგრესიულია. პირადად მე ყოველ წელს ვიცრები. ერთხელ ჩავაგდე და იმ წელს ოთხჯერ შემხვდა ვირუსი, ძალიან რთულად გადავიტანე. აცრის შემთხვევაში კი, თუ შემხვდება, ძალიან მარტივად გადამაქვს. ამიტომ, განსაკუთრებით ასაკში, აცრა საუკეთესო დაცვაა.
შორენა მერკვილაძე