მცენარე თავს იცავს იმით, რომ არ იჭმებოდეს. კი, ჩვენ სელექციით რაღაცები ნაკლებად ტოქსიკური გავხადეთ, გამოვიყვანეთ, მაგრამ მაინც… ნაყოფზე ეს ნაკლებადაა. მცენარეს “აწყობს”, რომ ცხოველმა ნაყოფი შეჭამოს, რომ გადაიტანოს და გეოგრაფიულად გაავრცელოს.
რამდენად შეიძლება, საკვების ხშირი გაცხელება?
კულინარიაში ორი ტემპერატურული ფაზაა მნიშვნელოვანი. ერთი არის, რომ არ დავაზიანოთ, მეორე, რომ არ გავაფუჭოთ. შაქროვანი პროდუქტებისთვის 138 გრადუსს ზემოთ ტემპერატურა, ესე იგი როცა ულტრაკარამელიზაცია იწყება, სახიფათოა. პომიდორიც, კიდევ კარგი, რომ შიგნით წყალი აქვს, მაგრამ რომ ავადუღებთ, თუ ოდნავ გვერდზე მიიწვა, ტაფაზე რაც არის, იმას ნუ მოვფხეკთ იმიტომ, რომ იქ კანცროგენური ნივთიერებებია. მუდმივი ტემპერატურული დამუშავება, რად გარდაიქმნება, არ იცი. ძალიან ბევრი რამაა შესწავლილი, მაგრამ კარგად არ არის შესწავლილი, მაგალითად, მე რომ ქინძს ჩავყრი ლობიოში და 4 საათი ვხარშავ, რა ქიმიურ რეაქციამდე მივა, ნაკვლევი არ არის. უნდა გვახსოვდეს, როდესაც კერძს ვაკეთებთ, ნებაყოფლობით თუ არანებაყოფლობით, ქიმიურ რეაქციებს ვაკეთებთ. ადამიანი შეიძლება, საჭმლის არასწორი კომბინაციებით მოწამლო. ნატრიუმის ნიტრიტი, ვარდისფერ მარილს ეძახიან, რისგანაც ლორეული და ძეხვეული კეთდება, აბსოლუტურად უვნებელი რაღაც არის, როდესაც დაბალ ტემპერატურაზე მუშავდება. როგორც კი ნატრიუმის ნიტრიტს 82 გრადუსიდან 150-მდე გავაცხელებთ, კანცეროგენური ხდება. ძეხვს რომ ტაფაზე ვაგდებთ და ვწვავთ, უკვე სახიფათოა. შესაწვავი სოსისი ცალკე არსებობს და მოსახარში – ცალკე. მეორე მხრივ, ამ ყველაფერს რომ ყურადღება მიაქციო,იმდენ რაღაცაზე გახვალ…
როგორი პურია ყველაზე ჯანსაღი?
პურებში ცეხვილი ფქვილი ნაკლებად საზიანოა. საქართველოში ძალიან ბევრი, დაბალი ხარისხის ფქვილი შემოდის. რამდენიმე ქართული ბრენდია, მეტ-ნაკლებად სანდოა. უცხოურებიც რამდენიმე კარგია. კარგი ფქვილი 8-10 ლარი ღირს. ერთ პურს 300 გრამი მაინც სჭირდება, რომ გამოცხვეს. ახლა კალკულაცია გავაკეთოთ – თუ პური 7-8 ლარზე ნაკლები ჯდება, ესე იგი, იაფი ფქვილითაა გაკეთებული. ჭვავის ფქვილნარევი, ალაონარევი თავად შეგვიძლია, სახლში გავაკეთოთ.
საფუარის ნუ გეშინიათ. “უსაფუარო პურის” შესახებ ძალიან ბევრჯერ გამიგია. ჯერ ერთი, უსაფუარო პური არ არსებობს. პური თავისთავად საფუარიანია. პურის დეფინიცია სამი ინგრედიენტია: ფქვილი, საფუარი, წყალი. ეს თუ არ არის, მაშინ პური არ არის. დიდი ალბათობით, პურში საფუარი ყველაზე ჯანსაღი რაღაცაა. ფქვილთან, ზეთთან, მარილთან და შაქართან მიმართებაში რომ ავიღოთ, ის საფუარი ამინომჟავებია. მავნებლობა არ აქვს.
რომელი საკვები მოქმედებს ტვინზე ყველაზე კარგად?
მარტივი შაქრები ამოვიღოთ. პოლისაქარიდები უნდა მივიღოთ. სუფრის შაქარი, გლუკოზა, ფრუქტოზა, მარტივი ტკბილეული უნდა ამოვიღოთ. ჩვენი ტვინის მექანიზმი საერთოდ არ არის მორგებული, რომ მიიღოს იმდენი შაქარი, რამდენის საშუალებაც ახლაა. გინდა, არ გინდა, ისეთ ტკბილეულში ვცხოვრობთ… ამდენი არ უნდა იყოს. ადამიანი 300 წელი ანატომიურად ისე ვითარდებოდა, რომ ტკბილეულს ათასში ერთხელ ჭამდა. ჩვენ ყოველ დღე დღე ტკბილი გვაქვს. პირველი, რაც გონების დაბინდვაზე მოქმედებს, ეს შაქარია.
ჯანსაღ პოტენციაზე რეალურად რაც მოქმედებს სისტემატურად ჯანსაღი კვება, მარილების არგადამეტება და არც მოკლება და ფიზიკური აქტივობაა. ყველა კვლევამ აჩვენა, რომ სისტემატური ფეხით სიარული მომნელებელი სისტემისთვისაც, ცირკულაციისთვისაც ყველაზე ეფექტურია. ინტენსიურ ვარჯიშს არ ვამბობ. უბრალოდ, დღეში 10 კილომეტრი სიარული.