დირბის ღვთისმშობელი – ასე იცნობენ შვილიერების მადლით გამორჩეულ ხატს, რომელიც წლებია უშვილო წყვილების შემწედ და ნუგეშად იქცა. ხატი დედობრივი სიხარულის მომნიჭებელია – მისი შემწეობით იბადება ახალი სიცოცხლე მაშინაც კი, როდესაც ეს სამედიცინო კანონებით შეუძლებელია.
მონასტრის იღუმენია ნატალია ამბობს: როდესაც ღვთის ნებას ადამიანის ცოცხალი რწმენა და სასოება უერთდება, ნამდვილად „იძლევიან ძალნი ბუნებისანი“… სიცოცხლე ჩნდება იქ, სადაც თითქოს არ უნდა იყოს…
დირბის ღვთისმშობლის ხატი უნიკალურია – მასზე მიდგომილი, ორსული ღვთისმშობელია გამოსახული, რაც მართლმადიდებლურ ხატწერაში იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევაა.
- დედაო, დავიწყოთ ისტორიული ფაქტებით…
იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი):
- მონასტერი შიდა ქართლში, ფრონის ხეობაში, სოფელ დირბში მდებარეობს და მიეკუთვნება რუის-ურბნისის ეპარქიას. ტაძარი მე-10 საუკუნეში აფხაზთა მეფის – ლეონ მესამის ზეობისას აშენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „დვანის წყლის დასავლით კიდესა არს დირბის მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ, მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალემს“ – ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო. მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე გაგრძელდა.
- ცნობილია, რომ მონასტერი ფაქტობრივად, მიწაში იყო ჩაფლული. როგორ მოხდა მისი აღდგენა?
- მონასტერი ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელ ათწლეულში აღდგა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. ის ეპარქიის მრავალი სხვა ტაძრის მსგავსად „მიწიდან ამოიზიდა“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
მონასტრის ახალი ისტორია 2000 წლიდან იწყება: 2000 წლის 31 აგვისტოს მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა განახლებული ტრაპეზი, ხოლო 2002 წლის 1 მაისს მეუფე იობის მიერ დირბში დედათა მონასტერი დაარსდა. 2003 წელს, ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ნალესი ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები.
დირბის ტაძრის მოხატულობა იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ ბიზანტიურ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება, რომელიც XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – მათ შორის, საქართველოშიც.
მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა. ფრესკები საოცარი ოსტატობითა და სიფაქიზითაა შესრულებული. ჟამთა სიმრავლის, ნალესის საფარისა და ადამიანის ხელით მიყენებული დაზიანებების მიუხედავად, ღვთისმშობლის შობის, ტაძრად მიყვანების და სხვა კომპოზიციებს დღემდე შერჩენილი აქვს ფერთა საოცარი ჰარმონია და სიხასხასე.
რესტავრაციის დროს, როდესაც კედლებიდან ნალესი ფენა მოიხსნა, პირველად სწორედ მიდგომილი ღვთისმშობლის თითქმის უვნებელი გამოსახულება გამოჩნდა. ეს უნიკალური ფრესკა, სახელწოდებით „იოსების ყვედრება“, განაპირობებს იმას, რომ მას განსაკუთრებულად ევედრებიან შვილიერების მოსურნე და ორსული ადამიანები…
მონუმენტურ ფრესკულ მხატვრობაში ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება თითქმის არ გვხვდება. საქართველოში კი ის ნამდვილად ერთადერთია და სწორედ ამით არის უნიკალური.
- ხატის ისტორიაზე და მის სასწაულებზეც გვიამბეთ… ხატის რამდენი ასლია დაბრძანებული მონასტერში?
- რესტავრაციის დროს მიდგომილი ღვთისმშობლის თითქმის უვნებელი გამოსახულების გამოჩენა იყო ნიშანი, რომ ვერც საფარი, ვერც დრო და ვერც ბოროტი ძალა ვერ წაშლიდა ღვთის სიყვარულს და სასოებას ადამიანთა გულებიდან.
ურთულეს პერიოდში, მონასტერი მაქსიმალურად ცდილობდა ხატის გავრცელებას. შეიქმნა დირბის ღვთისმშობლის ტროპარი. ხატმა ნელ-ნელა გაითქვა სახელი და მომლოცველებიც გამოჩნდნენ. თავდაპირველად, უგზოობის გამო მონასტრამდე მოსვლა ძალიან ჭირდა (ავტობანიდან გზა მოგვიანებით გაკეთდა). თბილისში მცხოვრები ახლობლების თანადგომით, დირბის ღვთისმშობლის ხატის ოჯახებში მიბრძანებაც დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ განსაკუთრებით გაბრწყინდა დირბის ღვთისმშობლის ხატის სახელი.
უამრავი მადლიერი ადამიანი გვიკავშირდებოდა და გვიზიარებდა თავიანთ ისტორიას დირბის ღვთისმშობლის სასწაულებრივი შეწევნის შესახებ. დღესდღეობით, ხატი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია ცნობილი.
მონასტერს ხშირად სტუმრობენ მორწმუნენი საზღვარგარეთიდან – მაგალითად, სერბეთიდან, რუსეთიდან და იტალიის ქალაქ ვერონის მართლმადიდებლური სამრევლოდან. მონასტრის სტუმრები არიან რეგიონში (საოკუპაციო სასაზღვრო ზონაში) მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებიც. მათი ნაწილი მართლმადიდებელია და სიხარულით აცნობს მონასტერსა და ფრესკებს ახალ კოლეგებს.
დირბის ღვთისმშობლის ფრესკის მიხედვით ასლებიც დაიწერა. რამდენიმე დირბის მონასტერშია დაბრძანებული. ქართველმა და უცხოელმა ხატმწერებმაც შექმნეს რამდენიმე ასლი, თუმცა ორიგინალი ფრესკა დირბის ღვთისმშობლის ტაძარშია და მომლოცველებიც მის თაყვანსაცემად მობრძანდებიან.
დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული 13 აგვისტოსაა და მონასტერშიც მომლოცველების განსაკუთრებული სიმრავლეა. მშობლებს მოჰყავთ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრებითა და მისი შემწეობით შეძენილი პატარები და სადღესასწაულო წირვასთან ერთად, ეს დღე ყოველთვის საზეიმო ხასიათს ატარებს.
დირბის ღვთისმშობლის ხატის ოჯახში მიბრძანების ტრადიცია კვლავ გ